საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ.
„განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში.
ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ.
საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“,- განაცხადა პრემიერმა.