საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, TOYOTA-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა TOYOTA-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, ქალაქ თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული TOYOTA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.