ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. საუბარი იმის შესახებ, რომ „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“ წმინდა წყლის სისულელეა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.
„ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია.
ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ვფიქრობ, ამაზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წმინდა წყლის ნონსენსია. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გასულ კვირას საქართველოში ჩვენმა მონიტორინგის მისიამ 14 წლისთავი აღნიშნა. 14 წელია, რაც მისია უზრუნველყოფს სტაბილურობისა და პროგრესის დაცვას, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტულ ტერიტორიებს. ჩვენ, ასევე, თანათავმჯდომარეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მიზანიც ამ გამორჩეული საკითხის გადაჭრაა“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.