საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.
„ვმონაწილეობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ.
მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად”, - წერს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.