საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას 87 ხმით დაუჭირა მხარი. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
„ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისას.
შალვა პაპუაშვილმა ამასთანავე მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ცოტნე ყავლაშვილი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სფეროსთან დაკავშირებულ დეტალურ ცოდნას ფლობს და მან როგორც უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარლამენტს სიტყვით მიმართა ცოტნე ყავლაშვილმა.
„სრულად მაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რაც მეკისრება და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სრულად მოვახმარ იმას, რომ ეს წარმატებული და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა იქნება კონცენტრირებული ოთხი პრინციპის გარშემო - დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ამ პრინციპების გარშემო იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად ეს სამსახური“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი ბერკეტია პარლამენტის ხელში კონტროლის განსახორციელებლად, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება ამ სამსახურის თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, რათა მოინახოს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, რომ აუდიტის ობიექტებმა მიგნებები და რეკომენდაციები მოკლე დროში გაითვალისწინონ.