Change.org-ზე გაშვებულ პეტიციას რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი. ბოლო მონაცემებით პეტიციას 121 ათასი ადამიანი აწერს ხელს. რაოდენობა ონლაინ-რეჟიმში იცვლება.
„ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, ქალები და კაცები, ვეწინააღმდეგებით საერთო და ნაწილობრივ მობილიზაციას. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ აქვს ამის გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი, წონიანი და დასაბუთებული მიზეზები და არც შეიძლება ჰქონდეს. ამჟამინდელ ვითარებაში ჩვენ მზად არ ვართ, ჩვენი ქვეყნის კაცები - ძმები, შვილები, ქმრები, მამები და ბაბუები - მორალური თუ ფიზიკური საფრთხის წინაშე დავაყენოთ“, - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, შესაძლო მობილიზაციის შესახებ ინფორმაცის ფონზე, 2022 წლის აპრილში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, ავტორებმა გადაწყვიტეს ხელმოწერების შეგროვების გახანგრძლივება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მთელი პერიოდისთვის.
მაისისთვის პეტიციას 50 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.