ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ, მან დღეს ტელემიმართვისას განაცხადა.
„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან მხოლოდ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებული ძალების რიგებში მომსახურე პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. დანაყოფებში გაგზავნამდე, ისინი დამატებით სამხედრო წვრთნას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით გაივლიან“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება.
პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.
ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.