რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 21 სექტემბრის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, „ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებენ.
პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას თავისი ტერიტორიის დასაცავად და რომ აქვს ბევრი იარაღი.
ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს აქვს 5,977 ბირთვული ქობინი - მოწყობილობები, რომლებიც იწვევს ატომურ აფეთქებას - თუმცა დაახლოებით, 1,500 გამოუსადეგარია.
დარჩენილი 4500-დან, უმეტესობა განიხილება სტრატეგიულ ბირთვულ იარაღად - ბალისტიკური რაკეტები ან რაკეტები, რომელთა დამიზნება შესაძლებელია დიდ დისტანციებზე. ეს არის იარაღი, რომელიც ჩვეულებრივ ბირთვულ ომთან ასოცირდება.
ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ნაწილშია განლაგებული და რომელიც შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტებს, რომლის მიზანია სამიზნესთვის ზიანის მიყენება.
წინა გაფრთხილებების მსგავსად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინის ქმედებები ისევ გაფრთხილებაა სხვა ქვეყნებისთვის, რომ არ გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა უკრაინაში მიმდინარე ომში, და, არ მიუთითებს ბირთვული იარაღის გამოყენების რაიმე სურვილზე.
სულ ცხრა ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. ესენი არიან ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი
ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ასევე იმ 191 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (NPT).
შეთანხმების თანახმად, მათ უნდა შეამცირონ ბირთვული ქობინების მარაგი და, თეორიულად, მოწოდებულნი არიან მათი სრული აღმოფხვრისკენ.
უკრაინას არ აქვს ბირთვული იარაღი და, მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის ბრალდებებისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის მათ შეძენას ცდილობდა.
- რუსეთის პოლიტიკა ბირთვულ იარაღს მხოლოდ შემაკავებელ ფაქტორად აღიარებს და მათი გამოყენების ოთხ შემთხვევას ჩამოთვლის:
ბალისტიკური რაკეტების გაშვება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე
ბირთვული იარაღის ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ
თავდასხმა რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ბირთვულ შესაძლებლობებს
აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობა საფრთხეშია
რუსული სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ თავად რუსეთის სახელმწიფოს დაემუქრება საფრთხე.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით