ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 
 
„ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის იგნასიო კასისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
 
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იგნასიო კასისთან. 
 
შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე. 
 
ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში, გაეროს 77-ე სესიის ფარგლებში იმყოფება.