ირაკლი ღარიბაშვილმა ვან ის, ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავცელებს. 

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვან იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო.

აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.

მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.