ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
ამასთან, პროკურატურა ნარსიას მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზასაც მოითხოვს.
„ჩვენი გუნდი (აიპ „იურისტთა ასოციაცია) იცავს გრიგოლ ნარსიას ინტერესებს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქედან გამომდინარე აიგება დაცვის სტრატეგია. პირველ რიგში, დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავნიშნავთ ექსპერტიზას“, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა.
„იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა.
დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, - განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა.
გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
- ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს
- შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.