Eurasianet-ი: აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საქართველოს მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება აქვს

„როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება, მის გარემოცვაში იქნება გუნდი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კერძოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობაში. თუმცა კითხვა ისევ ღია რჩება, სურს თუ არა ვაშინგტონს, ისევ ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“, - ამ შინაარსის სტატიას Eurasianet-ი აქვეყნებს და პოლ სტრონსკისთან, კარნეგის ფონდის (Carnegie Foundation) ხელმძღვანელთან და სხვა ადგილობრივ ექსპერტებთან ინტერვიუებს ურთავს.

ავტორი წერს, რომ ბაიდენი დიდი ხანია, რაც ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა საგარეო პოლიტიკს თვალსაზრისით, ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ის საკვანძო ფიგურა იყო რეგიონთან ურთიერთობაში და აქ პირდად კარგად იცნობს წამყვან ფიგურებს.

„არჩეულ პრეზიდენტს გამორჩეული დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან, სენატორობის დროს - 2008 წელს, რუსეთ-საქარველოს ომის დასრულების შემდეგ, სწორედ ბაიდენმა მოაწერა ხელი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს, რომელიც საქართველოსთვის იყო განკუთვნილი. ნოემბერში, მისი გამარჯვების შემდეგ, ბევრი ქართველი აზიარებდა სოციალურ ქსელში მის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში 2009 წელს, როდესაც მან ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა და ქვეყანა საკუთარ „შთაგონებად“ მოიხსენია.

თუმცა შემდეგ, ბაიდენი თვალყურს ადევნებდა ობამას ადმინისტრაციის „ურთიერთობების გადაწყობას რუსეთთან“, რომელიც ბევრმა პრო-დასავლურმა ქართველმა მიიღო როგორც მათი მტრის გულუბრყვილო დაშოშმინების მცდელობა.

ჯერ უცნობია, თუ რას მოუტანს ბაიდენის პრეზიდენტობა რეგიონს. ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის წამყვანი ფიგურები, ძირითადად ობამას ადმინისტრაციის წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც პრეზიდენტთან მუშაობის შემდეგ, საქმიანობა საუნივერსიტეტო და საკონსულტაციო სფეროებში განაგრძეს.

„ყველა, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციის წევრი გახდება, საკმაოდ ძლიერია თავის საქმეში, თუმცა არიან ახალი სახეებიც“, - ამბობს პოლ სტრონსკი.

„სულ ცოტა, ახალი ადმინისტრაცია დიდი ალბათობით გაზრდის რეგიონში ჩართულობას, რაც ტრამპის ადმინისტრაციის დროს ნაკლებად იყო პრიორიტეტული. ტრამპის მეთაურობით, აშშ-ის ადმინისტრაცია ძირითადად ფოკუსირდა მაღალი მნიშვნელობის ცხელ წერტილებზე, როგორიც არის ირანი, ისრაელი, ჩინეთი და ჩრდ. კორეა, როდესაც ამავდროულად მსოფლიოს უდიდეს ნაწილს უგულვებელყოფდა.

ეს დამოკიდებულება კავკასიაზეც აისახა: როდესაც აშშ-ის ახლო პარტნიორი, საქართველო რუსეთთან ქიშპობდა, ამერიკა აშკარად არ ერეოდა საქმეში. ანალოგიური განმეორდა 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მაღალი დონის მონაწილეობა მწირი იყო კონფლიქტში, რამდენიმე მაღალჩინოსანმა გააკეთა არაკოორდინირებული განცხადებები და თავად ტრამპმაც რამდენჯერმე ისაუბრა ომის შესახებ, აშკარად შთაგონებულმა სომხეთის დროშების ხილვით.

ამასობაში, ბაიდენის გუნდმა მკაცრი განცხადება გაავრცელა კონფლიქტის შესახებ. მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ნოემბერში დასრულდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. რუსეთი გაცილებით დომინანტი მოთამაშე იყო ამ შედეგების განკარგვაში“, - წერს სტატიის ავტორი.

აქვე აღნიშნულია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, აშშ სავარაუდოდ შეეცდება უფრო მეტად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებაში, თუმცა პოლ სტრონსკის უჭირს იმის პროგნოზირება, რამდენად შესაძლებელია ეს: „ეს მატარებელი უკვე წავიდა“, - აღნიშნავს ის.

„მიუხედავად ამისა, ორივე მხარეს იმედი აქვს აშშ-ის უფრო მეტი მონაწილეობის. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი შიშობს, დემოკრატები ჩვეულებრივ მეგობრობენ სომხურ ლობებთან ვაშინგტონში, ისინი ასევე მოელიან მკაცრ დამოკიდებულებას რუსეთის წინააღმდეგ“, - ამბობს ფარიდ შაფიევი,საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის უფროსი.

მიუხედავად ამისა, „დიდ ცვლილებას არ ველი”, - აღნიშნავს ის Eurasianet- თან.

„ზოგადად, შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიიდან გასვლა დაიწყო ობამას ადმინისტრაციის დროს და მე არ ველოდები უფრო აქტიურ მონაწილეობას” ბაიდენის პირობებში“, - განაცხადა შაფიევმა.

ირანის მეზობლებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ბაიდენის განზრახვა, აღადგინოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება.

სტრონსკის თქმით, სხვა მნიშვნელოვანი მეზობლებისადმი მიდგომა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ასევე კრიტიკული იქნება, მაგრამ ნაკლებად პროგნოზირებადი.

ჩინეთი ვაშინგტონის იდეოლოგიურ სპექტრში განიხილება, როგორც საფრთხე აშშ-ის დომინირებისთვის, მაგრამ ასევე აუცილებელი პარტნიორია გლობალურ საკითხებში. იმავდროულად, რუსეთის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა ბაიდენის მრავალი მხარდამჭერი მას განიხილავს როგორც მანკიერ გავლენას გლობალურად და აშშ-ში.

„რუსეთსა და ჩინეთზე ასეთი ყურადღების დროს, [კავკასია და შუა აზია] ქვეყნები, ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოხვდებიან, თუ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება”, - თქვა სტრონსკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის უმეტესი ნაწილი კვლავ მეორე რიგის პრიორიტეტად რჩება, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისიც.

„ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩართულობის გამოცოცხლება ჩანს, საქართველოა”, - თქვა სტრონსკიმ. „ბაიდენი ძალიან იყო დაინტერესებული საქართველოთი, ის იყო უკრაინისა და საქართველოზე პასუხისმგებელი ობამას ადმინისტრაციაში“.

„ამის იმედი ნამდვილად აქვთ თბილისში“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ტრამპის ადმინისტრაციის დროს და მანამდეც კი რეგიონი უგულებელყოფილი იყო“, - აცხადებს ის Eurasianet-თან.

ბოლოდროინდელმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში აშკარად აჩვენა, რომ დასავლეთის ძირითადი აქტორები, მაგალითად აშშ და ევროკავშირი, არ იყვნენ წარმოდგენილნი მოლაპარაკებებში, რამაც რეგიონში ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა.

„საქართველო აშშ-ისგან უფრო მეტ ყურადღებას ელის”, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.