უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, გააპროტესტონ „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება". თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თითქმის შვიდთვიანი ომის დროს, ათასობით რუსი ჯარისკაცი უკვე დაიღუპა.
„თქვენ უკვე ხართ თანამონაწილეები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის, მკვლელობისა და წამების. იმიტომ, რომ თქვენ ჩუმად იყავით“, - მიმართა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს.
მისივე თქმით, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყანაში საზოგადოების განწყობის მაჩვენებელია.
„ჩვენ ვიცით რეგიონებში რეალური განწყობების შესახებ. დადგა არჩევანის დრო, რუსეთში მამაკაცებისთვის - იცოცხლონ თუ დაიღუპონ. ქალებისთვის - სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები, შვილიშვილები ან სცადონ მათი დაცვა ომისგან, ერთი ადამიანისგან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.