წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.
“გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს.
ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი, როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს. ნათლად ჩანს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე- ზაფხულში, მესამე პიკი რა თქმა უნდა იქნება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.