საელჩო: 10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში ორკვირიან სასწავლო ტურს ესწრება

10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში ორკვირიან სასწავლო ტურს ესწრება. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

„Სწავლება  ორიენტირებულია ბავშვთა უფლებებსა და ოჯახურ სამართალზე! სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეები ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგებს ხვდებიან, ესწრებიან ოჯახურ და  არასრულწლოვანთა საკითხებზე გამართულ სასამართლო სხდომებს და განიხილავენ ბავშვთა და ოჯახის უფლებების საკითხებს.

სასწავლო ტური ქართველ მოსამართლეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ აშშ-ის კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას, რომელიც  ძალადობის შემთხვევაში ბავშვის მშობლებისგან განცალკევებას არეგულირებს. Მოსამართლეები გაეცნობიან თუ როგორ არეგულირებს აშშ-ის კანონები სახელმწიფოს ზრუნვას განცალკევებულ ბავშვზე, როგორ განიხილება პროცედურულად მშობლისგან განცალკევების საკითხი და როგორია სასამართლოს როლი ამ პროცესში“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

Სასწავლო ტურში მონაწილე 10 მოსამართლე 73 აპლიკანტიდან ღია კონკურსის წესით შეირჩა.

მოსამართლეები არჩეულნი არიან ხაშურიდან, ახალციხიდან, ოზურგეთიდან, თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

„მომავალ კვირას გაგაცნობთ მათი ვიზიტის შესახებ ორეგონში, იუჯინში! USAID 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭირვალე სასამართლო სისტემის გაძლიერებაში. USAID-ის და ამერიკის  სამთავრობო საგენტოების მხარდაჭერით ამ პერიოდში ასობით მოსამართლე იმყოფებოდა ამერიკაში და მომავალშიც მრავალი მსგავსი პროგრამა განხორციელდება“, -ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.