მედია: რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან, სამხედროების მობილიზაციას განიხილავს

კრემლი განიხილავს არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეების, არამედ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების მობილიზებას უკრაინაში ომისთვის, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა.

ამავე წყაროს ცნობით, შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ იძულებით გაიწვიონ.

„მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. რუსეთმა ოფიციალურად აღიარა მათი დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ; ამ რესპუბლიკების ადმინისტრაციას კრემლი აკონტროლებს.

21 სექტემბერს, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის ხელისუფლებამ 300 000 სამხედრო მოსამსახურის გაწვევის გეგმის შესახებ ისაუბრა.

არაოფიციალური წყაროების მიხედვით, შესაძლოა, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოიძახონ. ამავდროულად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, „რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი“ მიმდინარეობს; დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ ტერიტორიების ფორმალური ანექსია შესაძლოა, სექტემბრის ბოლოს მოხდეს“, - წერს Meduza.

რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.