ბოლო პერიოდში, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, სამოქალაქო პირები არ გაუთავისუფლებიათ და ისინი ისევ რუსეთის ტყვეობაში რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით, 2,500 უკრაინელი რჩება.
ვერეშჩუკის თქმით, ტყვეებს შორის, ბევრი ქალია.
„მათ საშინლად ექცევიან. სცემენ და აწამებენ ქალებს. მსოფლიომ ამას ჩუმად არ უნდა უყუროს“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
მან მოუწოდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფსევდო-რეფერენდუმებში მონაწილეობა; არ დაეხმარონ მტერს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი უკანონობის ლეგალიზებაში.
21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი გათავისუფლდა.