თოყაევი რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი პრეფერენციებს არ მიიღებენ

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მიგრაციული ვითარება შეაფასა.  მისი თქმით, მიგრანტებს მიიღებენ, მაგრამ ისინი პრეფერენციებით ვერ ისარგებლებენ. 

„საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი არ მიიღებენ პრეფერენციებს. ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს კანონისა და ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად. ამ რთულ ვითარებაში პირველ რიგში უნდა გამოვავლინოთ ადამიანობა, მოთმინება და ორგანიზებულობა. ჩვენ არ გვაქვს კრიზისი, არანაირი პანიკა. მთავრობამ თავისი საქმე უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს რუსულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვას და ამ პრობლემას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რთულ პერიოდში ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, ერთიანობა და კეთილდღეობა. მხოლოდ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით შევძლებთ სტაბილურად განვითარებას. ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ ყველა საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა. 

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.