პატრიარქი: დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად

დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ის ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს.

დღეს არის მწუხარების დღე დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას. ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი. ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.