სენატორი ბენ კარდინი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოს თავდაცვისთვის ფრონტის ხაზია

„ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი“, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ბენ კარდინის თქმით, საქართველო ძალიან რთულ გეოგრაფიულ ადგილას მდებარეობს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ იმის წინააღმდეგ დადგეს, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს.

  • „რადგან თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო ნამდვილადა იქნება ბატონი პუტინის თვალთახედვის არეალში. ასე რომ, ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, ყველა სუვერენული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ ჩვენთან [ამერიკასთან] ერთად იმუშაოს ნებისმიერი ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, რომ ძალა გამოიყენოს და გაანადგუროს სუვერენული ქვეყანა.

ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე განხილვის საგანია. ეს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაა და საქართველოს უნდა უნდოდეს სწორ მხარეს დგომა“, - აღნიშნავს ბენ კარდინი.

მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ვიცით, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით. ისინი თავიანთი მონაწილეობით გვეხმარებოდნენ კამპანიებში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში. ვაღიარებთ მათ დახმარებას ჩვენს დასავლურ უსაფრთხოებაში.

საქართველოს ვხედავთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს NATO-ს წევრადაც. თუმცა, საჭიროა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდეს და სხვა პრობლემები მოგვარდეს.

არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ასპექტები მთავრობის განშტოებებში იქნება ეს სასამართლოს სისტემა, ადამიანის უფლებების, ჟურნალისტების უფლებების დაცვა, თუ მსგავსი საკითხები, რომლებიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებია.

ვფიქრობ, რომ ისინი ადგანან ევროკავშირის გზას, თუმცა ეს შიდა საკითხია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ამ მიმართულებით სვლას განაგრძობენ.

წლების განმავლობაში პროგრესი ვნახეთ, თუმცა ასევე იყო იმედგაცრუებებიც. ეს არაა გასაკვირი. იყო გარკვეული პროგრესი და იყო შეკითხვებიც. საქართველოში ჩატარებულ ზოგიერთ არჩევნებზე, ოპოზიციის ლიდერებს განსხვავებულად ეპყრობოდნენ და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვა.

საქართველოში კორუფციაა. კორუფცია ყველა ქვეყანაშია, თუმცა ქვეყნებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან კორუფციასთან საბრძოლველად მაღალ ეშელონებში. ასე რომ დიახ, გარკვეული პროგრესი ვიხილეთ, თუმცა მეტი პროგრესის ხილვა გვსურს“, - განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.