ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შესახებ საფრთხის მოლოდინები სპეკულაციური, ეს ხელშეკრულება საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა Europetime-ს განუცხადა.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის განმარტებით, თურქეთს 30 წლის წინ ხელი აქვს მოწერილი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ შეთანხმებაზე, სადაც ეთანხმება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საქართველოს საზღვრებს, რომლითაც საქართველო გაეროში გაწევრიანდა.
„ეს არის სპეკულაციური თემა. სპეკულაციური შეტევები შეგნებულად მოხდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ყარსის ხელშეკრულებას ვადა არ აქვს. მერე მეორე, ყარსის ხელშეკრულება 100 წლის წინ გაფორმდა და მას მერე მილიონი სხვა ხელშეკრულება დავდეთ თურქეთთან. მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს ამ სახელმწიფოსთან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 100 წლის რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული რაღაც ხელშეკრულებას თურქეთი არგუმენტად ვერ გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, როცა 30 წლის წინ, ჩვენ გვაქვს თურქეთთან დადებული დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ თურქეთი გვაღიარებს იმ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომლითაც გაეროში შევედით.
ეს აბსოლუტურად სპეკულაციური თემაა. ნებისმიერ ავტორიტარულ სახელმწიფოს ოკუპაციის მიზეზი თუ უნდა, ისედაც იპოვის. ყურით მოთრეული მიზეზი იპოვა რუსეთმა და ორი რეგიონი წაგვართვა, თუ ასე მიდგება საქმე, მაგრამ საერთაშორისო სამართლის არგუმენტად ყარსის ხელშეკრულება არ გამოდგება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
1921 წელს რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმებული ყარსის შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი. სომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. 1992 წლის 30 ივლისს გაფორმდა „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ,” რომელშიც მოხსენიებულია ყარსის ხელშეკრულებაც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვარი კვლავ ყარსის შეთანხმების საფუძველზე იარსებებს.
„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან მოურავი და მისი თანაპარტიელები წლების განმავლობაში აანონსებდნენ, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა ეწურება და შესაძლოა თურქეთი ბათუმის საკუთარ საზღვრებში მოქცევას შეეცადოს. ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წელი 2020 წლის ბოლოს შესრულდა, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ყარსის ხელშეკრულება მხარეებს შორის უვადოდ დაიდო და თითქოს, ასი წლის გასვლის შემდეგ, თურქეთი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს აჭარის ტერიტორიის მიმართ, არის დეზინფორმაცია. ელჩმა აღნიშნული განცხადება ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა.