„სომხეთი ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან; სომხეთი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, ისმენს და ეთანხმება ყველა მოწოდებას და ხაზს უსვამს, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით, მაგრამ ხედავს, რომ აზერბაიჯანი მუდმივად მიმართავს აგრესიულ ქმედებებს“.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში სომხეთი საერთაშორისო პარტნიორებს თანმიმდევრულად სთავაზობს შემდეგ გადაწყვეტას, რომელიც მისი თქმით, შეიძლება, იყოს გამოსავალი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
„იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მისია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიო ყველას თვალწინ ინგრევა.
„დღეს მე ვიტყვი, რომ არ არსებობს ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში, ევრაზიის რეგიონში, რომელიც ამ შოკის თავისი წილი არ შეეხება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნასა და ზავის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. სომხეთი სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.