ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის კრიპტოვალუტის ინვესტიციებზე წვდომის დახურვას გეგმავს, ამის შესახებ CoinDesk და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერენ.
მედიის ცნობით, ამას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ საპასუხოდ მომზადდა.
გაზაფხულზე, სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს 10 000 ევროზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის აქტივების მომსახურება აუკრძალა. ამ შეზღუდვას მსოფლიოში უდიდესი კრიპტო ბირჟა Binance დაემომრცილა.
„ახლა 10 ათასი ევროს ზღვარი ნულამდე დაიყვანება. პოტენციურად, ეს ნიშნავს, რომ რუსები ვერ შეძლებენ რაიმე აქტივების შენახვას ევროკავშირის კრიპტო საფულეებში“,- განუცხადა წყარომ CoinDesk-ს.
Bloomberg-ის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედ კომპანიებს ეკრძალებათ კრიპტოვალუტის საფულეების, ანგარიშების ან კრიპტოვალუტის შენახვის სერვისების მიწოდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის და რუსეთში რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის.
რუსეთში კრიპტოვალუტებზე, პირველ რიგში, სტაბილკოინებზე მოთხოვნა ომის დაწყებისა და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა. სანქციების პირობებში, კრიპტოვალუტა ფინანსური სახსრების საზღვარგარეთ გატანის ერთ-ერთი საშუალებაა.