უკრაინაში რუსეთის ომიდან 7 თვის თავზე, ვაშინგტონი კიევს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უდასტურებს. აშშ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ძალისხმევას, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციისგან.
„პუტინის იდეა, რომ მას შეეძლო ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაცია და იქ მის მიერ მართული რეჟიმის დანიშვნა, ასევე ის ამოცანა, რომ ის შემდეგ სხვა ქვეყნებში გადასულიყო, დასრულდა! ის ვერასდროს მოახდენს ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაციას. ის [პუტინი] მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“.
ამავე მედიასაშუალებასთან საუბრისას, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს:
„რა შეუძლია გააკეთოს [ამერიკის] ადმინისტრაციამ, რომ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს? სანამ ჩვენ გრძელვადიან [პოლიტიკას ვაწარმოებთ], უკრაინელები კვდებიან. ასე რომ, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია“.