ვერ გეტყვით, დააყენებს თუ არა საქართველო იმ მოთხოვნას, როგორიც ჰქონდა უკრაინას დაჩქარებული წესით NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით.
“არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება, გეტყვით. არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში ძალიან რთულია რამეზე განმარტებების გაკეთება”,- განაცხადა კალაძემ.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.