NATO ე.წ ბორდერიზაციას გმობს

ექსკლუზივი

NATO გმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკაციო ძალების მიერ უკანონო კონსტრუქციების მშენებლობას. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა.

  • NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან. 

„ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში - ასევე მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, სოფელ კნოლევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს.

ამავე უწყების მიერ პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა.