NATO: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან

ექსკლუზივი

ექსკლუზიურად Europetime-თან, NATO-ს ოფიციალური პირი ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“.

NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან.  ალიანსი გმობს ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

„NATO-ს გზავნილი მკაფიო და მტკიცეა: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან.

ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში, ასევე ვგმობთ მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.


Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს.

„ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. 


ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“.

  • მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის.

„მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა.

შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა.

მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ.


უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“.

„ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი. 

Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს.

„პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი.


შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.