ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს უკრაინის მისწრაფებებს NATO-ში გაწევრიანებისკენ.
ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიის მიზნით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი.