ენერგოატომი: ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა

კომპანია Energoatom-მა, რომელიც უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს მართავს, განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა მურაშოვი გაათავისუფლეს. „იგორ მურაშოვი ახლა უსაფრთხოდ არის და იმყოფება ზაპოროჟიეს ZNPP გარე კრიზისულ ცენტრში“.

Energoatom-ის ინფორმაციით, მურაშოვი „საგანგებო სიტუაციის საჯაროობისა და IAEA-ს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის მნიშვნელოვანი ძალისხმევის გამო გაათავისუფლეს, რომელმაც ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა".

რუსმა სამხედროებმა მურაშოვი 30 სექტემბერს ZNPP-დან ენერგოდარისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა გააჩერეს და სადგურის დირექტორი თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ კვირას, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან მურაშოვის დაკავების საკითხი განიხილა.