თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოში ნაღდი ფულის სახით, სხვადასხვა ვალუტაში დაახლოებით 1 400 000 ლარის ეკვივალენტი შემოიტანა. იმისათვის, რომ აქტივების წარმოშობის წყაროს ეჭვი არ გამოეწვია, ბრალდებული საბაჟო დეკლარაციაში არასწორ მონაცემებს აფიქსირებდა.
მათივე ცნობით, მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული არალეგალური შემოსავლები, უძრავი ქონების და ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად გამოიყენა.
„სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 400 000 ევროს და 50 000 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების 6 ძვირადღირებული ავტომანქანა, კერძოდ - ორი მერსედესის მარკის ,,S“ კლასი, ორი ლექსუსის მარკის მაღალი გამავლობის ,,LX 570”, მერსედესის მარკის ,,MAYBACH S 560” და „ლენდ როვერის“ მარკის მაღალი გამავლობის ,,RANGE ROVER EVOQUE“, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.