აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან შეთანხმება შესაძლოა გადაიხედოს.
მისი თქმით, მოსკოვმა და სოხუმმა „მივიდნენ ერთობლივ მოსაზრებამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში ასახულიყო თეზისი მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ".
„ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ სახელმწიფოს მეთაურისთვის. მედიას დროულად შევატყობინებთ“, - განაცხადა მან.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში გაფორმდა. შეთანხმებას აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის დე ფაქტო პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება.
მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის მხარეს (ყოველი ნაკვეთისთვის წელიწადში 1 რუბლის გადახდით) 49 წლიანი იჯარით გადაეცემა.
ოპოზიციური ძალები და საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოდან დოკუმენტის გატანა.
ადამიანის უფლებათა კომისარი აფხაზეთში ასიდა შაკრილი, პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, რომ აფხაზეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი აღკვეთონ.
შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.