სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს.
- 6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის ფარგლებში შეხვდნენ.
„სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შემდგომი სხდომა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს პრესსამსახურში.
- ამასთან აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას საჭიროების შემთხვევაში.
მისია მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს და მაქსიმუმ ორ თვეს გაგრძელდება.
მისიის მიზანია ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით, სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა.
პრაღაში შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.