საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში - ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.
ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული შესაძლებლობები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.