უმრავლესობის წევრი ნინო ლომჯარიას: რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?!

რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?!, - აღნიშნული კითხვა დაუსვა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

"რას ერჩით საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?! 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო - ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი, პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია.

თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად, შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერესებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში... როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, ამხელა პერიოდი გქონდათ, იქ მიუთითეთ, რომ იყო დაზარალებული და მერე სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული", - განაცხადა ოდიშერიამ.

ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.