ჯონ ბასი: საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ბასი ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.


„საქართველოს მთავრობას ქვეყანა გადაჰყავს ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით,“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.


11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“

ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა.


ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა.

13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას.


პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.