Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი მარი სტრათერსი აცხადებს, რომ „ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინწაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია."


"ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული - ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში - აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია," - წერია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში - მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ," - აცხადებს Amnesty International-ი.


11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“

ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა.


ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა.

13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას.


პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.