პარლამენტში სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების წინ, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 14 მაისს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. თითოეული დეპუტატის გამოსვლის ხანგრძლივობა 4 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაახსენა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საქმიანობის დროს პრეზიდენტობის კანდიდატის, გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.


ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაადანაშაულა აქციის მონაწილეებზე სახლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში. ხაბეიშვილმა სამხარაძეს მიმართა, რომ მას „თავში ნაგვის ყუთი აქვს.“ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით მან განაცხადა, რომ სამხარაძის დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა." სამხარაძემ ოპონენტის მისამართით შეიგინა და მისკენ დაიძრა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი მანდატურებმა გააჩერეს.


სხდომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მცირე შესვენების შემდეგ პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა, რის შემდეგაც „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.


პარლამენტის შენობის გარეთ დემონსტრანტები სადავო კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი, პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.