ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპანტები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას აგრძელებენ.
როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების შედეგად დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.
„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპციო ძალას ეკისრება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.