კახა კალაძე: ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას

ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე მიუწვდება ხელი, თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ დღეს გადაყვანილია კლინიკაში და იქ აგრძელებს მკურნალობას. რომელიმე პატიმარს თუ ექნება რაიმე საჭიროება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება გააკეთებს განცხადებას. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.