ევროკავშირი კატეგორიულად გმობს და არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) უკანონო დაკავების შესახებ და ობიექტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, IAEA-ს წარმომადგენელობითი მისიის გაძლიერებას მოითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ევროკავშირი არასოდეს აღიარებს და მკაცრად დაგმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიასა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. შესაბამისად, დადგენილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩამორთმევის შესახებ არის უკანონო და ბათილი სამართლებრივი თვალსაზრისით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და აღჭურვილობა ZNPP-ის ტერიტორიიდან და ობიექტი მისი კანონიერი მფლობელის, უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს.
„ბირთვული უსაფრთხოების ზონა და უსაფრთხო დამცავი ზონა უნდა შეიქმნას დაუყოვნებლად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს IAEA-ს გენერალური დირექტორის ძალისხმევას ამ კუთხით“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. ამასთან ბორელის განცახდებით, რუსეთმა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ყველა ჯარი და სამხედრო ტექნიკა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის მოსკოვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ „განკარგულებას“ მოაწერა ხელი.