პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა სააკაშვილის და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თევალში განუცხადა.
„იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.