რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი.
კლაუს იოჰანისმა ამ ფაქტს ისტორიული უწოდა.
„ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს.
გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტის დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა.
გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.