გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.
"ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკვეთა შემდეგი:
ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.
გარდა ზემოხსენებული ახალი ეპიზოდებისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.გ. ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითიც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი - პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გარდა ამისა, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ორ დაურეგისტრირებელ და ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ სამ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ,რომ ი.გ.-ს ამ ეტაპზე ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).
წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება, როგორც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობის კანონიერების დადგენის ფაქტებზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.