„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ახლა ის ქველმოქმედებაზე ახდენს კონცენტრირებას, ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი შთამაგონებელ ნარატივს უწოდებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები ხშირად იშვიათად მიდიან ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით.
ავტორი წერს, რომ პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილის მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ ოპონენტს და რეგიონულ პოლიტიკურ ანალიტიკოსს სჯერა.
„ამბობენ, რომ ის გააგრძელებს მმართველობას კულისებს მიღმა და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელიც ანტიდემოკრატიული მიდრეკილებებით ხასიათდება. ივანიშვილის კოალიციამ შეძლო გამარჯვება ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ხმები მოჰპარეს და უარს ამბობს პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე“, - წერია სტატიაში.
The Washington Post-ი აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების პრეტენზიებს იხსენებს, მათ შორის, მოსკოვთან კავშირს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. აღნიშნავს ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთების გამომხატველ განცხადებებს საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ თავად ივანიშვილი კრემლთან კავშირს უარყოფს.
ანალიტიკოსები და ქართველი ოპოზიციონერები სკეპტიკურად უყურებენ ივანიშვილის გულწრფელობას. ის 2013 წელსაც გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და ანალოგიურად დადო პირობა, რომ დატოვა პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ ითვლებოდა, რომ ის ჯერ კიდევ აძლევდა დირექტივებს თავის თანაგუნდელებს, ვიდრე 2018 წელს, „ქართული ოცნების“ ლიდერის პოზიციაზე ოფიციალურად დაბრუნდებოდა.
2013 წელს ივანიშვილმა თქვა, რომ ის „ქართულ ოცნებისთვის“ გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერასა და რჩევების მიცემას არაოფიციალურად. მისი განცხადებით, ამჯერად ასე არ იქნება და თუ პარტიას გაუჭირდება, ის საკითხებში არ ჩაერევა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი იყო, ის მაინც ცდილობდა ჩრდილში დარჩენილიყო და ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღება მიეპყრო.
Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 4,8 მილიარდ დოლარს აღწევს, რომელიც ძირითადად სამრეწველო ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეძენით მოიპოვა რუსეთში.
„პოლიტიკიდან ის ქვეყანაში საკმაოდ მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე წავიდა.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ”კონკურენტულად და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვით ჩატარდა”, მაგრამ დასკვნაში ასევე საუბარი იყო, მრავალი ბრალდებაზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი ზღვარის არსებობაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის მთავარმა პოლიტიკურმა კონკურენტმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი გრძნობს, რომ მის ქვეშ ნიადაგი იწვის, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ მან არჩევნები მოიპარა.
„ვფიქრობ, რომ ის კულისებიდან გააკონტროლებს მოვლენებს - ამას ძალიან კარგად არის შეჩვეული, მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად ის არ აპირებს ძველი ხრიკის გამეორებას,” - განუცხადა სააკაშვილმა The Washington Post-ს.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.