რუს ოლიგარქ დერიპასკასთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ბრალდებით, ბრიტანელი ბიზნესმენი დააკავეს

62 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ კარტერი ამერიკელების მოთხოვნით ლონდონში დააკავეს. მას ბრალი ედება რუსი მილიარდერის ოლეგ დერიპასკას სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.

პროკურატურის განცხადებით, ბონემ კარტერი დერიპასკას ქონებას აშშ-ის კანონებისა და სანქციების დარღვევით მართავდა. ის, სავარაუდოდ, მუშაობდა კომპანიებში, რომლებსაც მილიარდერი 2003 წლიდან აკონტროლებდა.

„ამასთან, ბრალდებული დაფინანსების წყაროებს მალავდა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, ბონემ კარტერი, ნიუ-იორკში, აუქციონის სახლში დერიპასკასათვის ნაყიდი ხელოვნების ნიმუშების უკანონო ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრიტანელი შეგნებულად მალავდა ინფორმაციას, რომ ეს რუსი ოლიგარქის საკუთრება იყო.

ვაშინგტონმა დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები 2018 წელს დააწესა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ოლიგარქი სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. 

დერიპასკა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში. ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს მისი ქონება $1,7 მილიარდად შეაფასა. მეწარმემ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან ზარალი $7,5 მილიარდად შეაფასა. დერიპასკა მის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს და აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანას სასამართლოში აპროტესტებს.