საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კონსტანცაში პორტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა, რომელმაც კონსტანცას პორტში უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ.

„ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც“, - აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.