გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა", რომელიც გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.
უკრაინული მედიის ცნობით, რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ.
„რეზოლუციის თანასპონსორი იყო 70-მდე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ავსტრალია, საქართველო, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, კამბოჯა, დიდი ბრიტანეთი, მიანმარი, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა და წყნარი ოკეანის რეგიონი“, - წერს უკრაინული მედია.
თავის მხირვ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ხსენებულ რეზოლუციას.
„რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და არასდროს იქნება აღიარებული თავისუფალი სახელმწიფოების მიერ. უკრაინა თავის მიწებს დაიბრუნებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. საერთაშორისო საზოგადოებას მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.