„ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბონი ჯენკინსმა „ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ“, - განაცხადა ჯენკინსმა.
ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას“ დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.