რუმინეთი, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად NATO-ს ფონდს, $300 ათასს გადასცემს

რუმინეთის მთავრობა $1,4 მილიონს გადაურიცხავს NATO-ს სატრასტო ფონდებს, რომელიც ოთხი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება. ამ დაფინანსებიდან საქართველო $300 ათასს მიიღებს. 

ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ Twitter-ზე დაწერა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რუმინეთი ნებაყოფლობით $1,4 მილიონს გამოყოფს NATO-ს სატრანსპორტო ფონდებში ჩვენი პარტნიორების გამძლეობისა და თავდაცვის გასაძლიერებლად შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ. დაფინანსებას მიიღებს - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და იორდანია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

აღნიშნულია, რომ $400 ათასი დოლარი უკრაინისთვის NATO-ს სპეციალურ სატრასტო ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, რუმინეთი $600 ათასს გამოყოფს მოლდოვას, $300 ათასს საქართველოს და $100 ათასს იორდანიას.