ვეტერანების ყოველთვიური დანამატი 100 ლარი გახდა

ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შარშან, ზუსტად ამ დროს, ბატონი პრემიერ-მინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ ყბადაღებული 22 ლარის თემა, რომლითაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სპეკულირებდა ის შემადგენლობა, ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი.

დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით და ურთიერთქმედებით, შეიცვალა და მომატებულია. ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრი რამე. ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით. ბევრი ბევრს საუბრობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ისეთი კომფორტული ურთიერთქმედება სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, რომელიც დღეს განცდაში და ხედვაში გვაქვს, ბარემ ბევრჯერ არ ყოფილა“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

ვეტერანების დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული.